საბეჭდი დაზგა, სტამბა, AI - და ისევ ადამიანი
01 სექტემბერი, 2026
ეს ტექსტი DAN KOE ესეს „The Digital Renaissance Man" ქართული ადაპტაციაა. ორიგინალი ინგლისურად აქ შეგიძლიათ წაიკითხოთ: x.com/thedankoe/status/2093051293078261973. იდეები და არგუმენტაცია ავტორისაა; მე მხოლოდ ქართველი მკითხველისთვის შევკუმშე და რამდენიმე ჩვენებური პარალელი დავამატე.
წარმოიდგინეთ ფლორენცია XV საუკუნეში. ახალგაზრდა ლეონარდო და ვინჩი ვეროკიოს სახელოსნოში ფერწერის სასწავლად შედის და იქიდან ანატომიის, ინჟინერიის, ოპტიკისა და მოქანდაკის ცოდნით გამოდის. არავის უკითხავს: „ლეონარდო, შენ მაინც ვინ ხარ მხატვარი ინჟინერი თუ მოქანდაკე?" რენესანსში ეს კითხვა უაზრო იყო. მნიშვნელობა ჰქონდა მხოლოდ იმას, რისი გაკეთება შეგეძლო.
დენ კოუ — ავტორი, რომელსაც ინტერნეტში მილიონობით ადამიანი კითხულობს და რომელიც წლებია ერთი ადამიანის ბიზნესსა და თვითგანათლებაზე წერს — თავის ბოლო ესეში სწორედ ამ სურათიდან იწყებს. მისი მთავარი სათქმელი ასეთია: ხელოვნური ინტელექტის გამოჩენით ისეთ ეპოქაში შევედით, რომელიც უფრო რენესანსს ჰგავს და ინდუსტრიული ეპოქის ლოგიკას თავდაყირა აყენებს. და ვინც ამას დროულად მიხვდება, უპირატესობას მოიპოვებს.
როგორ გავხდით „ერთი პროფესიის" ადამიანები
ის, რასაც დღეს „სამსახურს" ვეძახით, სულ 250 წლისაა. ინდუსტრიულ რევოლუციამდე ადამიანი მთელ საქმეს ფლობდა ხელოსანმა იცოდა ნედლეულის შერჩევაც, დამზადებაც და გაყიდვაც; ფერმერი ერთდროულად აგრონომიც იყო, ვეტერინარიც და ვაჭარიც. ქარხანამ ეს შეცვალა: ადამიანი კონვეიერის ერთ რგოლად აქცია. სკოლაც ამ მოდელს მოერგო გვასწავლიდა არა აღმოჩენას, არამედ ინსტრუქციის შესრულებას.
ასე გაჩნდა რწმენა, რომ „ერთი პროფესია / ხელობა უნდა აირჩიო", მრავალი პროფესია კი სისუსტეა. ეს რწმენა ჩვენთვის იმდენად ბუნებრივი გახდა, რომ ეჭვქვეშ აღარავინ აყენებს. კოუს აზრით, ეს ჩვენი დროის დიდი ტყუილია და AI-მ ის უცებ გამოააშკარავა: თუ მთელი ცხოვრება ერთ განმეორებად ოპერაციას აკეთებდი, ახლა თავს ზედმეტად გრძნობ.
სამი გზა, რომელთაგან ორი მცდარია
კოუ ადამიანებს სამ ჯგუფად ყოფს.
პურისტები AI-ს ბოროტებად თვლიან და მისგან თავის დაღწევას ცდილობენ — ბუნებაში, სიმარტივეში, ეკრანების გარეშე. კეთილშობილურად ჟღერს, მაგრამ ხშირად ეს უფრო პოზაა, ვიდრე პოზიცია: სულიერად რაც არ უნდა მდიდარი იყო, თუ ჯანმრთელობა და ფინანსები დაგივარდა, ცხოვრება ისე შეგზღუდავს, რომ მსხვერპლის როლის მეტი არაფერი დაგრჩება.
ავტომატონები კი საპირისპირო უკიდურესობაში ვარდებიან: ყველა გადაწყვეტილებას ალგორითმს ანდობენ, ყოველი აზრი ჩატბოტის გავლით მიდის, და ერთ დღეს აღარ იციან, სად მთავრდება ტექნოლოგია და სად იწყება მათი საკუთარი ცხოვრება.
მესამე ტიპი — ის, ვისაც ავტორი „ციფრული რენესანსის ადამიანს" უწოდებს ორივეს შორის ცხოვრობს. ცხოვრებას ოთხ მიმართულებად ხედავს: გონება, სხეული, სული და ფული და არცერთს არ თმობს. დილით ბუნებაშია და ტელეფონი გამორთული აქვს; შუადღეს კი AI-ის დახმარებით იმას აკეთებს, რასაც ადრე ათკაციანი გუნდი სჭირდებოდა.
დარვინის დღე - მომავლის განრიგი
აქ კოუ მოულოდნელ მაგალითს იშველიებს. ჩარლზ დარვინმა 19 წიგნი დაწერა, მაგრამ დღეში მხოლოდ სამ საათს მუშაობდა ორ სესიად, დილით. დანარჩენი დღე გასეირნებას, წერილებს, ოჯახს და დასვენებას ეთმობოდა. თავის სახლთან ხრეშიანი ბილიკიც კი გაიყვანა, რომელზეც დღეში სამჯერ დადიოდა — მხოლოდ ფიქრისთვის.
ავტორის პროგნოზით, მომავლის წარმატებული ადამიანი სწორედ ასე იცხოვრებს: მოკლე, ინტენსიური მუშაობა და ღრმა დასვენება — ოღონდ იმ განსხვავებით, რომ AI-ის წყალობით მისი სამსაათიანი შრომა 10–20 ადამიანის საქმეს გამოიღებს. ინვესტორი ნავალ რავიკანტი, რომელსაც კოუ ციტირებს, ამას ასე აყალიბებს: პლანეტაზე თითქმის 7 მილიარდი ადამიანია — ოდესმე, იმედია, თითქმის 7 მილიარდი კომპანიაც იქნება.
რა რჩება ადამიანს
თუ AI კოდსაც წერს, დიზაინსაც აკეთებს და ტექსტსაც ქმნის, რაღა რჩება ჩვენ? კოუს პასუხი: გემოვნება, მიმართულება და განსჯა. AI-ის შედეგს საკუთარი პერსპექტივა არ აქვს ის თიხაა, რომელსაც ფორმას შენ აძლევ.
ისტორიაში ეს ყოველთვის ასე ხდებოდა. საბეჭდი დაზგა რომ გამოჩნდა, გადამწერი რედაქტორი გახდა; მქსოველი დაზგის ოპერატორი. ტექნიკური, მექანიკური ნაწილი ავტომატიზდება, ადამიანი კი ერთი საფეხურით ზემოთ ადის. ამიტომ ავტორი გვირჩევს, მომავალი ინსტრუმენტის ცოდნაზე კი არ დავაფუძნოთ (Photoshop-ი, კონკრეტული პროგრამა, კოდის აკრეფა), არამედ ორ რამეზე: ადამიანური ბუნების გაგებაზე როგორ იქცევა, რას აფასებს, რას ყიდულობს ხალხი და საკუთარ უნიკალურ ინტერესებზე.
სწავლა ისე, როგორც სახელოსნოში
ქარხნებამდე და ინდუსტრიალიზაციამდე მუშაობდი, სანამ საქმე დასრულდებოდა, და არა სანამ 8-საათიანი ცვლა ამოიწურებოდა. სეზონების, მზის სინათლისა და ენერგიის რიტმით მუშაობდი. რაც მთავარია, ღირებულად გახდომას სტანდარტიზებული პროგრამითა და უაზრო დაზეპირების ტესტებით არ სწავლობდი — კეთებით სწავლობდი. სახელოსნოში, შეგირდიდან ქარგალამდე და ოსტატამდე, საქმის მცოდნეს ბაძავდი, სანამ საკუთარი გემოვნება და განსჯა ჩამოგიყალიბდებოდა.
ეს მოდელი არსად წასულა — უბრალოდ ოსტატები შეიცვალნენ. დღეს ისინი YouTube-ზე, წიგნებში და დიახ AI-შიც არიან. მთავარია პრინციპი: ჯერ სცადე, მერე ისწავლე. ვინც ჯერ ყველა კურსს ამთავრებს და მერე იწყებს მარადიული სწავლის ხაფანგში, ( tutorial hell ) -ში რჩება; ვინც ჯერ ცდის და მერე კითხულობს, გაკვეთილს მაშინვე იყენებს.
იგივე ეხება AI-ს: პირველი შედეგი ყოველთვის ცუდი იქნება, აპლიკაცია ბაგებიანი, ტექსტი უსახური. მუსიკა უგემოვნო, ნახატი დაუმთავრებელი. სხვაობა ისაა, ვინ ჩერდება პირველ ვერსიაზე და ვინ ხვეწს მეათედ, მეოცედ. AI, კოუს სიტყვებით, გენიოსი კი არა, სარკეა — შენი ამბიციისა და სტანდარტების დონეს ხვდება.
რენესანსის ადამიანი — ჩვენივე ისტორიაში
აქ რამდენიმე პარალელს დავამატებ, რომლებიც ორიგინალში არ არის, მაგრამ ქართველ მკითხველს, ვფიქრობ, ყველაზე მეტს ეტყვის. რენესანსული ადამიანის საძებნელად შორს წასვლა არც გვჭირდება.
სულხან-საბა ორბელიანი ერთდროულად მწერალი იყო, ლექსიკოგრაფი, ბერი, პედაგოგი და დიპლომატი. მან დაწერა „სიბრძნე სიცრუისა" — წიგნი, რომელსაც დღემდე ვკითხულობთ; შეადგინა ქართული ენის პირველი განმარტებითი ლექსიკონი „სიტყვის კონა" — ოცდაათწლიანი შრომა, რომელიც არავის დაუვალებია; აღზარდა ვახტანგ VI; შემდეგ კი ევროპაში წავიდა, ლუი XIV-სა და რომის პაპს შეხვდა და ამ მოგზაურობის შესახებაც წიგნი დაწერა. არცერთი ამ საქმისთვის „კვალიფიკაცია" არ ჰქონია — მხოლოდ ცნობისმოყვარეობა, დისციპლინა და იმის განცდა, რომ ერთი სფერო არ ეყოფოდა.
ილია ჭავჭავაძე კი ალბათ ყველაზე ზუსტი ილუსტრაციაა კოუს თეზისისა, რომ კრეატორები ინსტიტუტებს ცვლიან — ოღონდ საუკუნენახევრით ადრე. მწერალმა და პოეტმა საკუთარი გაზეთი „ივერია" დააარსა, ანუ საკუთარი დისტრიბუცია შექმნა და სხვის მედიაზე არ იყო დამოკიდებული. წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება ჩამოაყალიბა — ფაქტობრივად, საკუთარი განათლების სისტემა. ოცდაათი წელი სათავადაზნაურო ბანკს ხელმძღვანელობდა — საკუთარი ფინანსური ინფრასტრუქტურა. მედია, განათლება და კაპიტალი ერთი კაცის ხელში: დღეს ამას „one-human business"-ს დავარქმევდით, მაშინ უბრალოდ ილია ერქვა.
ნიკო ნიკოლაძე მოაზროვნისა და შემქმნელის იმ ერთობის მაგალითია, რომელზეც კოუ ძველი ხელოსნის აღწერისას საუბრობს. ციურიხში სამართლის დოქტორის ხარისხი მიიღო, ევროპულ პრესაში წერდა, ეკონომიკაზე მსჯელობდა — და ამავე დროს, ფოთის მერად, ქალაქს აგეგმარებდა, პორტს აშენებდა და ჭიათურის მანგანუმის რკინიგზას ლობირებდა. ერთი ხელით სტატიებს წერდა, მეორეთი ნავსადგურს აგებდა. არც ის ეტევა ერთ ყუთში — და სწორედ ამიტომ არის დღემდე საინტერესო.
სამივე შემთხვევაში ერთი და იგივე ნიმუშია: ერთი მთავარი საქმე, რითიც ისტორიაში დარჩნენ, და მრავალი ინტერესი, რომელიც ამ საქმეს ასაზრდოებდა. სწორედ ამას გულისხმობს კოუ, როცა ამბობს: ნიშა კი არა, შესაძლებლობები აქვს მნიშვნელობა.
რა არის მთავარი
კოუს ესეს ბოლოს ერთი აზრი რჩება: ის, რასაც ბევრი აპოკალიფსად აღიქვამს, სინამდვილეში დაბრუნებაა. დაბრუნება იმ დროსთან, როცა ადამიანი მრავალმხრივი იყო, საკუთარ საქმეს მთლიანად ფლობდა და სეზონების რიტმით ცხოვრობდა და არა 8-საათიანი ცვლით. ლეონარდოს არ სჭირდებოდა ნიშა. არც სულხან-საბას, არც ილიას, არც ნიკოლაძეს. შენც არ გჭირდება ნიშა. გჭირდება ერთი საქმე, რითიც გაგიცნობენ, და მრავალი ინტერესი, რომელიც ამ საქმეს კვებავს.
ინდუსტრიულმა ეპოქამ ორი საუკუნე დაგვაჯერა, რომ მანქანის ნაწილი უნდა ვყოფილიყავით. ახლა, როცა მანქანის საქმე თავად მანქანამ ითავა, გვაქვს შესაძლებლობა, ისევ ადამიანები გავხდეთ — ოღონდ გაცილებით მძლავრი ინსტრუმენტებით ხელში.